საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ბათუმის "დინამო" მსაჯობით უკმაყოფილოა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში აცხადებენ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმის საფეხბურთო კლუბს ქულები დააკარგვინა, არასამართლიანი იყო.
მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ კლუბის მფლობელმა არჩილ ბერიძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა გადაიფიქრა და მუშაობას აგრძელებს.
რა ელის მსაჯს, რომელმაც „ჩიხურასა“ და „დინამოს“ სკანდალური მატჩი განსაჯა, ამ დროისთვის უცნობია.
გუნდის მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადებით, მსაჯმა საჩემპიონო ბრძოლაში ბათუმური გუნდი დააზარალა.
სადავო თამაში 1-ელ ნოემბერს გაიმართა. ბათუმის „დინამო“ სათამაშოდ საჩხერეში „ჩიხურასთან“ ჩავიდა. მსაჯმა ბათუმელებს ჯერ თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა, ხოლო შემდეგ საჯარიმოს მისადგომებთან ფეხებში ვარდნა რეაგირების გარეშე დატოვა. მატჩის შემდგომ მდგომარეობა დაიძაბა. ბათუმის „დინამოს“ მფლობელმა ქართული ფეხბურთიდან წასვლისა და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შემდგომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გაუგებრობა უწოდა და თანამდებობაზე დარჩა. ის ვერც ფეხბურთის ფედერაციის ბრალეულობას ხედავს, თუმცა მსაჯის დასჯას ითხოვს.
ბათუმელების უკმაყოფილება სტადიონზე არსებულმა სათამაშო პირობებმაც გამოიწვია. ფეხბურთელები ტალახში თამაშობდნენ. საჩხერის სტადიონთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება ფეხბურთის ფედერაციაშიც მოუწიათ.
საფეხბურთო კლუბს სოლიდარობა თანაქალაქელმა მორაგბეებმა გამოუცხადეს. "ბათუმის" მორაგბეებმა გამარჯვება სწორედ „დინამოს“ მიუძღვნეს. სოციალურ ქსელში გუნდმა სტატუსი დაწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი მსაჯობა არ უნდა განმეორდეს და გუნდი არაპროფესიონალებს არ უნდა გადაჰყვეს.